logo
ENG



ერთ-ერთი დევნილი ღარიბაშვილს: ერთი სიტყვა არ გაიმეტეთ ჩვენთვის

17 იან 202212:17
3 წუთის საკითხავი
 

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ელოდნენ, რომ პრემიერმინისტრი გარდაცვლილი კაცის გამო მიუსამძიმრებდა

თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 20 წუთი ისე ილაპარაკა, ეს საკითხი არ უხსენებია. 

დევნილებმა პრემიერის ამ დამოკიდებულებას სამარცხვინო უწოდეს. 

"ბატონო პრემიერმინისტრო, აბსოლუტურად ყველა დევნილი დილით თქვენს ბრიფინგს ელოდებოდა, რომ რამე გეთქვათ, სამძიმარი, ერთი სიტყვა მაინც. მაგრამ ეს არ გააკეთეთ, ერთი სიტყვა არ გაიმეტეთ ჩვენთვის. ჩვენ თქვენთვის არ ვარსებობთ. ეს ერთია და მრავალი ასეთი იქნება და თქვენ ამ ქვეყანაში არ გეცხოვრებათ". - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთმა დევნილმა.

16 იანვარს, თემქაზემ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 52 წლის კაცი შენობიდან გადმოხტა.  სხვა დევნილების თქმით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით პროტესტის ნიშნად და პრობლემისადმი ხელისუფლების ყურადღების მიქცევის მიზნით დაასრულა. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

მათი თქმით, სანატორიუმ ქართლის შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კორპუსი დაზიანებული იყო, ახლა კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 

დევნილები პროტესტს დროებით, გლოვის გამო წყვეტენ, ხოლო მას შემდეგ, რაც გარდაცვლილს დაკრძალავენ, აქციებს განაახლებენ.


close დახურვა